ლექსიკონის საცდელი ვერსია
თსუ ქართულ-ინგლისური თემატური ონლაინ ლექსიკონი

თარგმნითი ლექსიკონი მოიცავს ქართული ენის ცნებობრივი და სემანტიკური ბმების მიხედვით დაჯგუფებულ ლექსიკურ ერთეულებს და მათ ინგლისურ ეკვივალენტებს.

ლექსიკონის შესახებ

ენობრივი ფონდის თემატურად განლაგებული ლექსიკონი მიზნად ისახავს ქართული ენობრივი სურათის დამუშავებას, აგებას, სისტემატიზებას და გადაცემას ინგლისური ენის მატარებელი გლობალური სოციუმისათვის და სრულფასოვანი მასალის შეკრებას ემპირიულ-თეორიული ინტერდისციპლინული კვლევებისათვის.

ლექსიკონი ეფუძნება არა მხოლოდ ქართული ლექსიკის კონკრეტული ეკვივალენტის მოძიებას და თარგმნას ინგლისურ ენაზე, არამედ მათ სემანტიკურ-ცნებობრივ, სემანტიკური ველის კონცეფციაზე დაფუძნებულ კლასიფიკაციას, რაც ლექსიკონს აქცევს კონცეპტზე ორიენტირებულ ციფრულ ელემენტად.

ჩვენი ლექსიკონის კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ ლექსიკონის ელექტრონული სტრუქტურა უზრუნველყოფს ძიების ორმხრივობას (წყარო ენა «» სამიზნე ენა), როგორც წყაროდან სამიზნე ენისკენ, ისე პირიქით. აღნიშნული მოდელი თანაბრად ქმედითია ორივე ენობრივი ჯგუფის (მშობლიური და სამიზნე ენის) მატარებელთათვის, რადგან იგი ერთდროულად აკმაყოფილებს ტექსტის რეცეფციისა და პროდუცირების კოგნიტურ მოთხოვნებს. ამგვარი, ცნებაზე ორიენტირებული სტრუქტურა მნიშვნელოვნად ზრდის ლექსიკური სისტემის კოგნიტური და სემანტიკური აღქმის ხარისხს და ახლებურად დაგვანახებს ქართული ლექსიკოგრაფიის პარადიგმას.

ლექსიკონი იქმნება თსუ ინგლისური ფილოლოგიის კათედრის, თსუ არნ. ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის თარგმნითი ლექსიკოგრაფიის განყოფილებისა და თსუ კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ბაზაზე.

ქართველი სტუდენტებისთვისა და უცხოელი ქართველოლოგებისთვის სიტყვების ჯგუფურად (სემანტიკური ველების მიხედვით) განლაგებული შესწავლა ბევრად უფრო ბუნებრივი და იოლი პროცესია და ხელს უწყობს ენის თავისებურებების აღქმას.

ის სთავაზობს სპეციალისტებს, მთარგმნელებს, მკვლევრებს, სტუდენტებს და დაინტერესებულ საზოგადოებას მზა სემანტიკურ მოდელებს და აძლევს მათ საშუალებას, გაიაზრონ ენათაშორისი განსხვავებები და კულტურული იზომორფიზმი.

განსაკუთრებით ეფექტურია მეორე ენის სწავლების კონტექსტში, სადაც ლექსიკის კონცეპტუალური ორგანიზება ზრდის მისი დამახსოვრებისა და გამოყენების ხარისხს.

თსუ ქართულ-ინგლისური თემატური ონლაინლექსიკონის საძიებო სისტემის მეშვეობით შესაძლებელია როგორც ქართული სიტყვების ან ფრაზეოლოგიური ერთეულების მოძიება, ასევე ინგლისური სიტყვებისა და ფრაზეოლოგიური ერთეულების ძიება. სალექსიკონო სამეთაურო სიტყვებად არა მხოლოდ ქართული სიტყვები გვევლინება, არამედ ლექსიკონის მომხმარებელს ინგლისური მასალის მოძიების საშუალებასაც აძლევს.

  • თემატური ჯგუფი და მისი იერარქიული ქვეჯგუფები: პირველი, მეორე ან/და მესამე დონის ქვეკატეგორიები სემანტიკური ანოტირების საფუძველზე).

  • მორფოსინტაქსური ინფორმაცია: მეტყველების ნაწილის (POS) აღმნიშვნელი მარკერი, ნათესაობითი ბრუნვა (ქართულისათვის), გრამატიკული მარკირებისას საგანგებოდ ქართული ზმნებისათვის გამოყენებული იქნება გრამატიკული კვალიფიკაციები, მაგ., სიტყვა-სტატიაში “იმწარებს” გრამატიკული ინფორმაცია შეიძლება მოიცავდეს შემდეგ მარკერებს: აწმყო, მოქმედებითი გვარი, სათავისო ქცევა.

  • ნუმერაცია: მეთაური სიტყვის შევსებისას, შესაბამისი არაბული რიცხვი იწერება მხოლოდ ომონიმური ერთეულების აღსანიშნად, რათა ერთმანეთისაგან განირჩეს ომონიმური წყვილები და მათ მიენიჭოს დამოუკიდებელი სიტყვა-სტატიის სტატუსი.

  • კულტუროლოგიური კომენტარები/ჩანაწერები: აღნიშნული ველი განსაკუთრებით ქმედითია ქართული კულტურული რეალიების, სოციალური პრაგმატიკის და, ზოგადად, ექსტრალინგვისტური მონაცემების ასასახად.

  • მეტაინფორმაცია: სინონიმები და ჯვარედინი მითითებები მეთაურ სიტყვათა ერთმანეთთან დასაკავშირებლად (პარადიგმატული კავშირებისათვის).

  • რა სიხშირით ახლდება ლექსიკონი?

    ლექსიკონი წარმოადგენს მუდმივად განახლებად, ცოცხალ ენობრივ რესურსს და მისი შევსება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ახალი სალექსიკონო სიტყვა-სტატიები მუშავდება კოორდინირებულად. ლექსიკონის სარედაქციო კოლეგია იმედოვნებს, რომ საცდელი ვერსიაც გამოსადეგი იქნება პრაქტიკული მიზნებისათვის, ხოლო მომხმარებელთაგან მიღებული კონსტრუქციული შენიშვნები და რჩევები ლექსიკონის საბოლოო დახვეწისათვის მნიშვნელოვანი იქნება.